საჰაერო ხრახნი გაზრდილი ენერგოეფექტურობით და შემცირებული ხმაურით
Main Article Content
ანოტაცია
თანამედროვე ელექტრულ ვერტიკალური აფრენის და დაფრენის (eVTOL) მრავალროტორიან საფრენ აპარატებში ფრენისათვის საჭირო ძირითად აგრეგატს საჰაერო ხრახნი წარმოადგენს და შესაბამისად აპარატის ბორტზე არსებული ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი მათ მოქმედებაში მოყვანას ხმარდება. ასეთი სახის აპარატებში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ფრენის დროის ხანგრძლივობის სიმცირე, რომელიც დაახლოებით 20-30 წუთს შეადგენს და ასევე ამ აპარატების მიერ წარმოქმნილი ხმაური. აღნიშნული ორივე პრობლემა პირდაპირ კავშირშია საჰაერო ხრახნების ეფექტურ ფუნქციონირებასთან.
სტატიაში წარმოდგენილია თანამედროვე საჰაერო ხრახნების კონსტრუქციის გეომეტრიული ცვლილებებით მიღწეული დადებითი ეფექტები და მათი გავლენა საფრენი აპარატების ტექნიკურ მონაცემებზე.
პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებული საჰაერო ხრახნის კონსტრუქციის ბაზაზე შემუშავდა მრავალი სხვადასხვა სახის საჰაერო ხრახნის კონცეპტუალური კონსტრუქცია, რომლებზეც განხორციელდა როგორც სიმულაციური ასევე ექსპერიმენტული გამოცდები. სამეცნიერო კვლევებისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილი ყველაზე პერსპექტიული კონცეფციის საჰაერო ხრახნით მიიღწევა 15%-მდე გაუმჯობესებული ენერგოეფექტურობა და 5-7 dB შემცირებული ხმაური.