სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავებთან გადამფრენი ფრინველების შეჯახების თავიდან აცილების ორგანიზაციული ღონისძიებები საქართველოში

Main Article Content

რობერტ ხაჩიძე
ზურაბ კოპალეიშვილი

ანოტაცია

ცნობილია, რომ ყოველ წელს თბილ ქვეყნებში გამოსაზამთრებლად ჩვენი პლანეტის 12 ათასამდე სახეობის თითქმის 20% ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ იწყებს მიგრაციას, გაზაფხულის დასაწყისში კი უკან დაბრუნებას. თვითმფრინავის შეჯახება მიგრაციაში მონაწილე ფრინველებთან ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვითმფრინავის რომელიმე ნაწილის/ნაწილების დაზიანება., მათ შორის ისეთი დაზიანებაც (მაგალითად, ძრავის დაზიანება), რომელიც შეიძლება კატასტროფის მიზეზიც გახდეს. საქართველოზე, შავი ზღვის სანაპიროზე, გადის ერთ-ერთი უდიდესი გზა, რომელსაც გადამფრენი ფრინველები იყენებენ. ბათუმსა და მის შემოგარენში ყოველწლიურად ათასობით მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს, რის გამოც ეს ტერიტორია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამიგრაციო გზად არის მიჩნეული. სტატიაში განხილულია გადამფრენი ფრინველების სავარაუდო შეჯახების შესაძლებლობები საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტებით მოსარგებლე თვითმფრინავებთან. მაგალითისათვის შესწავლილია ბათუმის სამიგრაციო დერეფანში გადამფრენ ფრინველთა თავმოყრის, შესვენებისა და ფრენის გაგრძელების მარშრუტები და სხვა პარამეტრები, რომლებიც შედარებულია ბათუმის აეროპორტით მოსარგებლე ავიაკომპანიების თვითმფრინავებისათვის ოფიციალურად განკუთვნილ მოქმედ საჰაერო გზებთან. შემუშავებულია რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ გადამფრენი ფრინველების არსებული სამიგრაციო მარშრუტები გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც ფრენის მარშრუტების დაგეგმვისას და ისე მათი შესრულებისას სამოქალაქო ავიაციის სათანადო სტრუქტურებისა და პერსონალის მიერ. ბოლო ათეული წლის განმავლობაში, ჰაერში პილოტირებული და უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობის გაზრდამ გაზარდა ფრინველების საფრენ აპარატებთან შეჯახებების რისკი და ალბათობა. თუნდაც მცირე მასის ფრინველთან შეჯახებამ საფრენი აპარატის მაღალ სიჩქარეებზე შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ავარია, არამედ ისეთი კატასტროფაც კი, რომელსაც მოჰყვება ადამიანების მსხვერპლი.

საკვანძო სიტყვები:
სანაპირო, მიგრაცია, თვითმფრინავი, ფრინველები, აეროპორტი
გამოქვეყნებული: Jan 20, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles