სასწავლო ლაბორატორიების როლი საავიაციო პროექტების და სწავლების მეთოდოლოგიის განვითარების პროცესში
Main Article Content
ანოტაცია
ავიაცია ყველაზე დინამიკურ და სწრაფად განვითარებად სატრანსპორტო დარგს წარმოადგენს, ძლიერ ავიაციას აქვს გადამწყვეტი როლი ქვეყნის სიძლიერის და ეკონომიკურ განვითარების შენარჩუნების საქმეში. საავიაციო სისტემა პირდაპირ დაკავშირებულია ტრანსპორტის სხვა დარგების განვითარებასთან. საავიაციო სისტემაში სახელმწიფო პასუხისმგებლობა საჰაერო მოძრაობის მართვის და რეგულირების საკითებზე აერთიანებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების როლს, რომლებიც ფლობენ და მართავენ აეროპორტების უმეტესობას. მსოფლიოს მასშტაბით ფრენების ინტენსივობის მუდმივი ზრდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მოხდეს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და შემდეგი ზომების მიღება: საჰაერო ხომალდების ფრენის სიმაღლეების გაზრდა, საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის ამაღლება, სატელიტური ნავიგაციის აქტიური გამოყენება აფრენა-დაფრენის ეტაპებზე, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება, მარშრუტების ოპტიმიზაცია ფრენის დროის დაზოგვის მიზნით, დაფრენის ტრაექტორიების გაუმჯობესება დასახლებულ პუნქტებზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით (ემისიები, ხმაური) და სხვა.
ზემოაღნიშნული ტექნოლოგიური ცვლილებები გავლენას მოახდენს საავიაციო სპეციალისტების კვალიფიკაციის დონეზე, როგორც ჰაერში, ასევე ხმელეთზე და გამოიწვევს მათი ცოდნისა და პასუხისმგებლობის ფორმირებას, ასევე მოითხოვს ახალი უნარების განვითარებას. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ფრენების ინტენსივობის ზრდის და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ტემპის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, კვალიფიციური და კომპეტენტური საავიაციო დარგის სპეციალისტთა შესაბამისი მომზადების შემდგომი განვითარება უსაფრთხო და ეფექტური საავიაციო სისტემის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია საავიაციო დარგის საგანმანათლებლო პროგრამებში ინოვაციური, პრაქტიკული და ლაბორატორიული სწავლების მეთოდოლოგიის ეფექტური ინტეგრირება, ახალი ტექნოლოგიური გარემოს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
კვლევაში გაანალიზებულია საავიაციო განათლების თანამედროვე მოთხოვნები და ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციები, წარმოდგენილია სხვაობა ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების ტემპსა და საგანმანათლებლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების მეთოდოლოგიას შორის, პოლონეთის და საქართველოს მაგალითებზე დაყრდნობით. სტატია ითვალისწინებს სასწავლო ლაბორატორიების გამოყენების რეკომენდირებულ კონცეფციას, როგორც საავიაციო პროექტების განხორციელებისა და სწავლების მეთოდოლოგიის განვითარების ერთ-ერთ საფუძველს.