ოპტიკური კომპიუტერები და მათი გამოყენების პერსპექტივები ავიაციაში
Main Article Content
ანოტაცია
თანამედროვე ელექტრონულმა კომპიუტერებმა, რომლებიც დაფუძნებული არიან ელექტრონების მოძრაობაზე მიაღწიეს მწარმოებლურობის მეტად მაღალ დონეს, თუმცა მათი შემდგომი განვითარების დინამიკამ მინიატურიზაციისა და ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის ზრდის თვალსაზრისით მიაღწია პრაქტიკულ ზღვარს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპიუტერების მწარმოებლურობის შემდგომი ამაღლებისათვის საჭიროა მათი დამუშავებისათვის პრინციპულად ახალი მიდგომების ძიება. ამ მიდგომებიდან დღეს ერთ-ერთ ძირითად მიდგომად ითვლება ოპტიკური კომპიუტერების დამუშავება, რომლებიც თავის მუშაობისას იყენებენ არა ელექტრონებს, არამედ ფოტონებს.
დღეს ოპტიკური კომპიუტერების დამუშავების აქტუალობა განპირობებულია ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტის უზრუნველყოფაში როგორებიცაა - ხელოვნური ინტელექტის და ნეიროქსელების, მოდელირების, რთული სისტემების მართვის, გამოსახულებების და მონაცემების დიდი მასივების პარალელური დამუშავების ამოცანები და, რა თქმა უნდა, ავიაციის სფეროში არსებული აქტუალური ამოცანების გადაწყვეტა.
ნაშრომში განხილულია თანამედროვე ელექტრონული კომპიუტერების მთავარი პრობლემები მათში სიგნალების გავრცელების სიჩქარის, ტრანზისტორების მინიატურიზაციის ფიზიკური ზღვარის და ენერგომოხმარების თვალსაზრისით. მოცემულია ოპტიკური კომპიუტერის პრინციპული სქემა და მუშაობის პრინციპი, მოყვანილია მისი შემადგენელი ცალკეული ბლოკების დანიშნულება და მუშაობის ანალიზი. ელექტრონული კომპიუტერების მთავარი პრობლემების განხილვის საფუძველზე ნაჩვენებია ამ პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობები ოპტიკური კომპიუტერების გამოყენების შემთხვევაში, მოცემულია ოპტიკური კომპიუტერების ელექტრონულ კომპიუტერებთან შედარებითი დახასიათება და ნაჩვენებია ოპტიკური კომპიუტერების უპირატესობა მათთან შედარებით, ნავარაუდევია ოპტიკური კომპიუტერების განვითარების და გამოყენების პერსპექტივები, შემოთავაზებულია ავიაციაში ოპტიკური კომპიუტერების გამოყენების შემთხვევაში მთელი რიგი საავიაციო ამოცანების წარმატებით გადაწყვეტის შესაძლებლობები და პრინციპები.